რუსეთმა პეიპუსის (ჩუდის) ტბაზე სამხედრო სწავლება საბრძოლო სროლებით ესტონური მხარის ინფორმირების გარეშე ჩაატარა
პეიპუსის (ჩუდის) ტბა
მედიის ცნობით, გასულ კვირას რუსეთმა ესტონეთის აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე პეიპუსის ტბაზე პირველად ჩაატარა სამხედრო სწავლება საბრძოლო სროლებით, თანაც ისე, რომ ამის შესახებ ესტონეთის ხელისუფლებას წინასწარ არ აცნობა.
პეიპუსის ტბა, რომელსაც რუსეთი „ჩუდის ტბას“ უწოდებს, ევროპაში სიდიდით მეხუთეა. ესტონეთისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გამყოფი ხაზი ტბის შუაგულზე გადის.
სწავლება 9 ივლისს, საზღვრის რუსულ მხარეს ჩატარდა. ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის (PPA) ინფორმაციით, რუსეთის მხარეს ტალინი ამის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებია.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა („რეფორმების პარტია“) გაზეთ „პოსტიმეესს“ განუცხადა, რომ პეიპუსის ტბაზე ასეთი სწავლება პირველად ჩატარდა.
„ეს ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. რუსეთს აქამდე პეიპუსის ტბაზე იარაღი არ გამოუყენებია. ამ თვალსაზრისით, ეს სიახლეა,“ – განაცხადა ჰანო პევკურმა.
მისივე თქმით, რომელსაც გამოცემა „დელფი“ ციტირებს, „რუსულ ძალები, სავარაუდოდ, საზღვაო დრონების განეიტრალებაში ვარჯიშობდნენ“.
მინისტრმა ვითარება უფრო დეტალურად „პოსტომეესთან“ საუბრის დროს გააანალიზა: „ისინი წყალში მოძრავ სამიზნეს ესროდნენ. შესაძლოა, ამის გაკეთებას ფინეთის ყურეში გეგმავდნენ და ამინდმა შეუშალათ ხელი, ან პეიპუსის ტბაზე სწავლება სხვა მიზეზით ჩაატარეს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ კუნძულ პიირისაარის მიმდებარედ განლაგებულ დანაყოფებსაც მსგავსი დავალება ჰქონდათ მიღებული. რუსეთის სასაზღვრო სამსახურს აქამდე მსგავსი რამ არ გაუკეთები“, – აღნიშნა მან.
პევკურის თქმით, ესტონეთისთვის ცნობილია, რომელი უწყების თუ სამხედრო დანაყოფის ორგანიზებით ჩატარდა ეს სწავლება, თუმცა ამ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ ტარომ კი „პოსტიმეესს“ განუცხადა, რომ საზღვრის სიახლოვეს ჩატარებული ნებისმიერი სამხედრო სწავლება პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ასეთ ტერიტორიებზე მოქმედების წესები მკაფიოდ არის განსაზღვრული.
„სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები საზღვართან რაიმე სახის სწავლების ჩასატარებლად, როგორც წესი, ასე უბრალოდ არ იგზავნებიან“, – აღნიშნა მან.
თუმცა, ტაროს თქმით, საზღვრის მეორე მხრიდან მომდინარე ყველა ინციდენტს ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს: „შეშფოთების საფუძველი არ არსებობს… თითოეულ ასეთ შემთხვევას ვაფიქსირებთ, ვითვალისწინებთ და შესაბამის დასკვნებს ვაკეთებთ“.
მესაზღვრეები სიტუაციას აკონტროლებენ
პევკურის განცხადებით, ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი სიტუაციას აკონტროლებდა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა მანძილზე იმყოფებოდნენ რუსეთის ჯარები ესტონეთის საზღვართან.
თავდაცვის მინისტრმა „დელფის“ განუცხადა, რომ იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ეს რუსეთის მორიგი პროვოკაცია იყო: „ეს უფრო იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში ქაოსია“.
პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსულ მხარეს პეიპუსის ტბაზე საბრძოლო სწავლების შესახებ ესტონეთი წინასწარ არ გაუფრთხილებია, თუმცა ხელისუფლება საქმის კურსში იყო იმის შესახებ, რაც იქ ხდებოდა.
სამხრეთ პრეფექტურის სასაზღვრო დაცვის ბიუროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ტაუნო ტამიკმა „დელფის“ განუცხადა: „რუსულ მხარეს ადრეც ჩაუტარებია სხვადასხვა სწავლება და საბრძოლო სროლები სახმელეთო საზღვარზე, დროებითი საკონტროლო ხაზის უშუალო სიახლოვეს, რომლის ხმაც საზღვრის ამ მხარესაც ისმოდა“.
სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR – Eesti Rahvusringhääling)
ფოტოს ავტორი: დმიტრი ფედოტკინი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი