რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევსა და ხარკოვის ოლქის დასახლებებზე, არიან დაჭრილები

09:56, 03.08.2025

რუსეთის არმიამ 3 აგვისტოს, გამთენიისას მორიგი სარაკეტო იერიშები მიიტანა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევსა და ხარკოვის ოლქის დასახლებებზე. შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაჩნდა ხანძარი, რომელიც მოგვიანებით ჩააქრეს. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ქალაქში სამი ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ რამდენიმე ადამიანს პირველადი სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაუწიეს.

ხარკოვის ოლქში აფეთქებები მოხდა ქალაქ ჩუგუევსა და ბალაკლეაში. ჩუგუევში თავდასხმის სამიზნე გახდა კერძო საცხოვრებელი უბანი, სადაც დაზიანდა სახლების სახურავები და ფანჯრები. როგორც ქალაქის მერმა, გალინა მინაევამ განაცხადა, სამი ქალი გადაიყვანეს სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში. მათ ფსიქოლოგიური შოკი ჰქონდათ.

ბალაკლეაში დრონი მოხვდა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს. დაიჭრა ერთი ადამიანი. გარდა ამისა, ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ დრონით დარტყმა დაფიქსირდა ასევე ხარკოვის შევჩენკოს რაიონშიც.

მსგავსი