რუსეთმა მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით, არიან დაღუპულები
რუსეთმა მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით, არიან დაღუპულები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, დნეპრში, ოდესაში, ზაპოროჟიეში, კრემენჩუგსა და კრივოი როგში.
უკრაინის დედაქალაქში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, იწვის ოთხი მრავალსართულიანი სახლი და ავტომობილები. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა კიევი ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა.
იერიში განხორციელდა უკრაინის სხვა რეგიონებზე. კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვილკულის ცნობით, დარტყმა დაფიქსირდა ქალაქის სამ ლოკაციაზე, მათ შორის სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ჯერჯერობით დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქალაქში ნაწილობრივ გაჩერდა ტროლეიბუსების მოძრაობა.
დრონებით შეტევა იყო ზაპოროჟიეში. ამ დრომდე რჩება ბალისტიკური რაკეტებით იერიშის საფრთხე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანდა ერთ-ერთი საწარმო, სადაც გაჩნდა ხანძარი.
კრემენჩუგში ათეულობით აფეთქება მოხდა, ქალაქის ნაწილში ენერგომომარაგება შეწყდა.
ოდესაში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი უბნები. ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, მათ შორის მრავალსართულიან სახლებში. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.