რუსეთმა ირანთან მიმოსვლა შეწყვიტა
რუსეთმა ირანთან მიმოსვლა შეწყვიტა

​რუსეთი ირანთან მიმოსვლას წყვეტს. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების გამო მიიღო. რუსული მედიის ცნობით, აკრძალვა 7 მარტიდან შევიდა ძალაში.

„სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსული ინფექციის გაუვრცელებლობის მიზნით, 2020 წლის 7 მარტის, ადგილობრივი დროით 00:00 საათიდან დროებით შეწყდეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან ჩამოსული უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების შემოშვება“, – ნათქვამია რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე, საჰაერო ხომალდების ეკიპაჟზე, ოფიციალური დელეგაციების წევრებსა და რუსეთის ბინადრობის მქონე პირებზე. ამას გარდა, როსავიაციას დაევალა, ერთ დღის განმავლობაში ავიაკომპანიებს მიაწოდოს ინფორმაცია ირანიდან მგზავრების ტრანზიტული ტრანსპორტირების აკრძალვაზე.