რუსეთმა ესტონეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტომობილებით ყველა სახის კომერციული ტვირთის გადაზიდვა აკრძალა

11:59, 20.07.2026
სატვირთო ავტომობილების რიგი კოიდულას (სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთი) სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე

სატვირთო ავტომობილების რიგი კოიდულას (სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთი) სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე

რუსეთმა ესტონეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტომობილებით ტვირთების გადაზიდვაზე სრული აკრძალვა დააწესა და შეზღუდვები კომერციული ტვირთის ყველა კატეგორიაზე გაავრცელა. ამ ინფორმაციას საინფორმაციო გამოცემა newz.az-ი ავრცელებს.

 

ამ ნაბიჯით რუსეთის მთავრობამ ესტონეთში რეგისტრირებული სატვირთოებით კომერციული გადაზიდვების შეზღუდვები გააფართოვა და ტვირთების ყველა კატეგორია სრულ აკრძალვას დაუქვემდებარა.

ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ 2022 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის გადამზიდავებისთვის კომერციული ტვირთების გადაზიდვაზე დაწესებული აკრძალვის გაგრძელებას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ითვალისწინებდა შეზღდვებს პირველადი მოხმარების ისეთ საქონელზე, როგორიცაა ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი, კაკაო, მარცვლეულის პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, სასუქები, მედიკამენტები, ქაღალდი და მუყაო.

ასევე აიკრძალა სხვადასხვა დასახელების პროდუქციის, მათ შორის საათების, მუსიკალური ინსტრუმენტების, კინო და აუდიო აპარატურის რუსეთში შეტანა. ესტონეთი გაფართოებული შეზღუდვების ქვეშ 2023 წლის ივლისში მოექცა, ხოლო ბოლო ბრძანებულებით რუსეთის მთავრობამ გააუქმა ყველა საგამონაკლისო წესი, რომელიც მანამდე ესტონეთთან დაკავშირებულ ტვირთების გადაზიდვაზე ვრცელდებოდა.

თუმცა, ახალი წესები გარკვეულ გეოგრაფიულ გამონაკლისებს მაინც ითვალისწინებს. მაგალითად, შეზღუდვები არ ვრცელდება რუსეთის ექსკლავზე – კალინინგრადზე, აგრეთვე იმ ტვირთებზე, რომლებიც კარელიის, მურმანსკის, ლენინგრადისა და ფსკოვის ოლქების კონკრეტული ტერიტორიებისთვის (ამ უკანასკნელ ორს ესტონეთთან საერთო საზღვარი აქვს) არის განკუთვნილი.

„ამას ესტონეთის ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა არ იქნება“

ეკონომიკურ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს მთავარმა ანალიტიკოსმა, კარელ ლემბერმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ვინაიდან ბოლო წლებში ესტონეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა ისედაც მკვეთრად შეზღუდული იყო, ახალ შეზღუდვებს. პირველადი შეფასებებით, მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.

„შესაძლებელია, ცალკეულმა კომპანიებმა გარკვეული შეფერხებები იგრძნონ, მაგრამ ესტონეთის ეკონომიკაზე, მთლიანობაში, ზეწოლა არ მოხდება“, – განაცხადა მან.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ესტონეთის ექსპორტი რუსეთში გაზაფხულის თვეებში 70-80 მილიონ ევროს აღწევდა. შედარებისთვის: მიმდინარე წლის მაისში ექსპორტმა მხოლოდ 13,5 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 4,8 მილიონი ევრო ესტონური წარმოშობის საქონელზე მოდიოდა.

ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საზღვარს დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეული სატვირთო ავტომობილი კვეთს, მათგან ზოგიერთი ცარიელია.

„შესაბამისად, დამატებითი შეზღუდვები, პირველ რიგში, იმოქმედებს ლოგისტიკურ კომპანიებზე, რომლებიც ესტონური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს იყენებენ. სიტუაციას ისიც ამსუბუქებს, რომ კომპანიებს, 2022 წლიდან მოყოლებული, ჰქონდათ დრო, ნებისმიერი სახის სასაზღვრო შეზღუდვისთვის მომზადებულიყვნენ. ასე რომ, ეს ზომები არავისთვის არის მოულოდნელი“, – დასძინა ლემბერმა.

 

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR – Eesti Rahvusringhääling)

 (ERR – Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: მირიამ მიოტუსი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 15:41, 18 ივლისი, 2026 წელი, (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი