რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს
მდინარე ტუმენზე აგებულ ახალ ხიდზე, რომელიც რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას აკავშირებს, „ზაპოროჟეცი“ გადადის. 2026 წლის 7 სექტემბერი
ჩრდილოეთ კორეა რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გახსნას მიესალმა. ორი მოკავშირე ქვეყნის დამაკავშირებელი პირველი საავტომობილო გზის ექსპლუატაციაში შესვლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ფხენიანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მეტყველებს.
ხიდი მდინარე ტუმენზეა (ასევე ცნობილია, როგორც ტუმანგანი) გადებული და ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის არსებულ 17-კილომეტრიან საზღვარს მიუყვება.
„ამ ხიდის მშენებლობის დასრულება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ორმხრივ თანამშრომლობას ახალ იმპულსს აძლევს “, – აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსანმა, პაკ ტე სონგმა, რომლის განცხადებასაც ჩრდილოკორეული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-ი ციტირებს.
აქამდე რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მიმოსვლა მხოლოდ სარკინიგზო და საჰაერო გზით იყო შესაძლებელი.
დაახლოებით 16 თვეში აგებული, ერთი კილომეტრის სიგრძის ეს ხიდი „რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების სურვილს განასახიერებს“, – ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში.
პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც 2025 წლის 30 აპრილს დაიწყო, ასევე აშენდა „ჰასანის“ სასაზღვრო პუნქტი, რომელსაც „დღეში 300 ავტომობილისა და 2 325 ადამიანის გატარება“ შეეძლება.
„რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები ამჟამად ყოვლისმომცველი სამხედრო თანამშრომლობის უპრეცედენტო დონეზეა“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, ხიდის გახსნის ცერემონიაზე ვიდეოჩართვისას.
სააგენტო KCNA-ის ცნობით, ეს ახალი ინფრასტრუქტურა „ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას“ განამტკიცებს.
მიმდინარე წლის ივლისში, სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა შეფასება, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ კორეის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წელს, ზედიზედ მესამე წელია, 3%-ზე მეტად გაიზარდა. ბანკმა მოსკოვსა და ფხენიანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ასეთი ზრდის „მნიშვნელოვან მამოძრავებელ ფაქტორად“ დაასახელა.