რუსეთმა და ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადეს
რუსეთმა და ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადეს.
რეზოლუციის პროექტი გერმანიისა და ბელგიის მიერ იყო წარდგენილი. ის თურქეთის საზღვარზე არსებული ორი გამშვები პუნქტიდან სირიაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მოქმედი მექანიზმის ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებდა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 13-მა წევრმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
მოსკოვი აღნიშნულ პროექტს ეწინააღმდეგება. რუსეთის პოზიციის თანახმად, ჰუმანიტარული დახმარება ჩადის იმ რაიონებში, რომელიც დამასკოს კონტროლს არ ექვემდებარება.
როგორც გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, დროა, სირიის ჰუმანიტარული დახმარების ტრანსსასაზღვრო მექანიზმის მოქმედება თანდათან შეჩერდეს, რადგან ბოლო წლებში სირიის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა.
სანაცვლოდ, რუსეთი გეგმავს, წარადგინოს რეზოლუციის საკუთარი ვერსია, რომლის მიხედვითაც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება სირიაში მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტიდან – სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარე ბაბ ელ-ჰავადან მოხდება.
მოქმედი რეზოლუცია გაერო-ს უშიშროების საბჭომ 2014 წელს მიიღო და რამდენჯერმე გაახანგრძლივა.
თავდაპირველად, ის ჰუმანიტარული ტვირთის სირიაში ჩატანას დამასკოს ნებართვის გარეშე ოთხი სასაზღვრო პუნქტიდან ითვალისწინებდა, რომელთაგან ორი თურქეთის საზღვარზე მდებარეობდა, ერთი – ერაყისა და ერთი – იორდანიის. თუმცა, მოსკოვის მოთხოვნით, გამშვები პუნქტების რაოდენობა ორამდე შემცირდა. მოქმედ რეზოლუციას ვადა 10 ივლისს ეწურება.
რუსეთისა და ჩინეთის მიერ დაბლოკილ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ იდლიბის პროვინციაში კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობაა შექმნილი. პროექტის მიხედვით, სირიაში ჰუმანიტარული დახმარება 11 მილიონ ადამიანს სჭირდება.