რუსეთისთვის ევროპის საზღვრები თანდათან იკეტება

12:31, 25.11.2026
უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგები (საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგები (საილუსტრაციო ფოტო)

1 დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთთან არსებულ ყველა საავტომობილო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას 6 თვით აჩერებს. ფინეთს რუსეთთან საზღვარი თითქმის სამი წელია ჩაკეტილი აქვს. ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში ზოგიერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი კვლავ ფუნქციონირებს, ზოგი კი მხოლოდ გარკვეული ტიპის ტრანსპორტისთვის არის ღია. მოსკოვის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე, რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ევროკავშირის მხრიდან სულ უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ ექცევა.

20 ნოემბერს ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 დეკემბრიდან რუსეთთან არსებული ყველა საავტომობილო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობას აჩერებს. ექვსი თვის შემდეგ, ტალინში ამ ნაბიჯით მიღებული შედეგები შეფასდება და გადაწყდება, შეიცვალოს თუ გახანგრძლივდეს 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

„ევრონიუსის“ ცნობით, შეზღუდვა ეხება 5 პუნქტს: ნარვა-1-ს, ნარვა-2-ს, კოიდულას, ლუჰამაასა და საატსეს. მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პრაქტიკულად, მათგან მხოლოდ სამი – ნარვა-1, კოიდულა და ლუჰამაა ფუნქციონირებდა.

ტალინი ამ ნაბიჯს უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებით და დრონების მწარმოებელ კომპანია Threod Systems-ისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობით ხსნის. ესტონეთის ხელისუფლება აღნიშნულ თავდასხმას რუსეთის სამხედრო დაზვერვას (ГРУ – Главное разведывательное управление) უკავშირებს, თუმცა მოსკოვი მომხდართან კავშირს უარყოფს.

შეზღუდვა მხოლოდ საავტომობილო მიმოსვლას ეხება და სატვირთო მატარებლებზე არ ვრცელდება. „როიტერის“ ინფორმაციით, სატვირთო ეშელონები ნარვის გავლით მოძრაობას არსებული წესებისა და მკაცრი საბაჟო კონტროლის პირობებში განაგრძობენ.

კრემლმა ეს გადაწყვეტილება „ახალი რკინის ფარდის“ ჩამოფარების მცდელობად შეაფასა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთი გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედება რუსეთთან ღია ომის გაჩაღების ზღვარზე გადის. „როგორც ჩანს, ტალინი სერიოზულად არ ფიქრობს ამ ნაბიჯის შედეგებზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ „ტელეგრამ-არხით“ გავრცელებულ განცხადებაში.

შეზღუდვების შედეგებს სასაზღვრო რეგიონის მცხოვრებლებიც იგრძნობენ. ნარვის ყოფილმა მერმა, კატრი რაიკმა აღნიშნა, რომ მოქალაქეები დაკარგავენ რუსეთში მცხოვრებ ნათესავებთან მარტივად ჩასვლის შესაძლებლობას დაგარდა ამისა, საზღვრის ჩაკეტვამ, შესაძლოა, კიდევ უფრო შეამციროს რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობა.

ესტონეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მგზავრთა ნაწილი გადაადგილებას ლატვიისა და ლიეტუვის გავლით შეეცდება. ფინეთის გამშვები პუნქტების დახურვის შემდეგ, ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ ესტონეთ-რუსეთის საზღვრის კვეთის მაჩვენებელი 7 ათასიდან (2023 წელი) თითქმის 65 700-მდე გაიზარდა (2024 წელი).

ფინეთმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ჩაკეტა, სხვა ქვეყნებმა კი მიმოსვლა ნაწილობრივ შეზღუდეს

რუსეთთან არსებული რვავე საავტომობილო გამშვები პუნქტი ფინეთმა 2023 წლის 15 დეკემბერს დახურა. მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეზღუდვა, შემდგომ განკარგულებამდე, ძალაში დარჩეს.

გამონაკლისია ვაინიკალის სარკინიგზო გამშვები პუნქტი, რომლის გავლითაც ტრანსსასაზღვრო სატვირთო გადაზიდვები კვლავ ხორციელდება. ამჟამად ეს ფინეთსა და რუსეთს შორის მოქმედი ერთადერთი სახმელეთო სატრანსპორტო მარშრუტია – ორ ქვეყანას შორის სამგზავრო მატარებლები არ მოძრაობენ.

რუსეთთან ლატვიის საავტომობილო საზღვარზე ღიაა გრებნევისა და ტერეჰოვის პუნქტები, რომლებიც შეუფერხებლად მუშაობენ. გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ აგვისტოში წერდა, თუ როგორ მკაცრად ამოწმებენ მებაჟეები ტერეჰოვაში სატვირთო ავტომობილებს ანტირუსული სანქციების გვერდის ავლის მცდელობების გამოსავლენად.

პარალელურად, ლატვიამ დახურა ვიენტულისა და პედეძეს (Pededze) გამშვები პუნქტები. ეს 2023 წლის 16 ოქტომბერს, მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა უკრაინის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის წესები შეცვალა. ვიენტულისა და პედეძეს დახურვა რიგამ ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებით ახსნა.

2026 წლის 1 ნოემბრიდან, 2027 წლის ოქტომბრის ბოლომდე, ლატვიამ გრებნევის და ტერეჰოვის გავლით არარეგულარული საერთაშორისო საავტობუსო გადაყვანები აკრძალა, თუმცა რეგულარული საავტომობილო მიმოსვლა არ შეჩერებულა.

შეზღუდვები რკინიგზაზე

შეზღუდვები სარკინიგზო მიმოსვლასაც შეეხო. რუსეთის მხარემ 1 ივლისიდან პიტალოვოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა. ამ მონაკვეთის ლატვიის მხარეს კარსავის სასაზღვრო-გამშვები პუნქტია განთავსებული. ამასთან, ლატვიის შესაბამისი უწყების ინფორმაციით, სატვირთო გადაზიდვები კვლავ ხორციელდება ზილუპეს სარკინიგზო პუნქტის გავლით.

კალინინგრადის ოლქთან, პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე, ორი მოქმედი საავტომობილო გამშვები პუნქტია – გჟეხოტკი და ბეზლედი. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, გრონოვოსა და გოლდაპის პუნქტების მუშაობა დროებით შეჩერებულია.

პოლონეთის სარკინიგზო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ოფიციალურ ჩამონათვალში შედის შემდეგი მიმართულებები: ბრანევო–მამონოვო, გლომნო–ბაგრატიონოვსკი და სკანდავა–ჟელეზნოდოროჟნი. ბრანევოს მომსახურებით, ფორმალურად, სარგებლობენ როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მატარებლები, დანარჩენი ორი პუნქტი კი მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებს ემსახურება.

გლომნო კი იმ მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს, სადაც ოფიციალური მონაცემები და რეალობა ერთმანეთს სცდება. ვარმია-მაზურის სავოევოდოს სატრანსპორტო გეგმის თანახმად, ბარტოშიცე–გლომნოს ხაზი 2001 წლიდან დაკეტილია, რისი მიზეზიც უფუნქციო სასაზღვრო გადასასვლელი და ლიანდაგების სავალალო მდგომარეობაა.

ლიეტუვაში მთავარ საავტომობილო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტად კიბარტაი რჩება. პანემუნეს გამშვები პუნქტი კი, მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მხოლოდ ქვეითებისთვის არის განკუთვნილი. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის (LRT) 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ამ პუნქტით დღეში დაახლოებით 150 ადამიანი სარგებლობდა, ძირითადად – სამსახურებრივი და ოჯახური ვიზიტების მიზნით.

ლიეტუვის სხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მიმოსვლა შეზღუდული ან შეჩერებულია. კიბარტაი–ნესტეროვის სარკინიგზო მონაკვეთზე მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა აკრძალულია, ხოლო ნიდა–მორსკოე, რამონიშკიაი–პოგრანიჩნი და მდინარის რამდენიმე სასაზღვრო გადასასვლელი დროებით დაკეტილად არის გამოცხადებული.

სტატიის ავტორი: ადამ ვრუბელი, ჩეხეთის ტელევიზია (CT- Česká televize)

ფოტოს ავტორი : დარია ნაზაროვა, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი, 2026 წელი, 13:00 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი