რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებები აცხადებენ, რომ 2024 წელს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის „შედეგები სათანადოდ დაარეგულირეს“
აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ 2024 წლის დეკემბერში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის „შედეგები სათანადოდ დაარეგულირეს“.
განცხადებაში წერია, რომ მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოაგვარეს ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული კომპენსაციის გადახდის საკითხიც, თუმცა არ დაკონკრეტებულა, როგორ მოხდა საკითხის მოგვარება.
„გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს ორმხრივ მისწრაფებას, მომავალშიც განავითარონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების ფარგლებში“, – აცხადებენ რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებებში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა „რუსეთის საჰაერო სივრცეში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის არაგანზრახ მოქმედების შედეგად“.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ Embraer E190-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 29 გადარჩა.
ლაინერი ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონების შეტევის ფონზე თვითმფრინავი კასპიის ზღვის გავლით ყაზახეთში გადაამისამართეს. ავიაკატასტროფის შემდეგ მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები დაიძაბა, მათ შორის იმის გამო, რომ აზერბაიჯანი რუსეთისგან პასუხისმგებლობის აღიარებას მოითხოვდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2025 წლის ოქტომბერში აღიარა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. აზერბაიჯანის ლიდერთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას მან თქვა, რომ კატასტროფის მიზეზი იყო რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის „ტექნიკური ხარვეზი“, ხოლო ორი გაშვებული რაკეტა „პირდაპირ არ მოხვედრია თვითმფრინავს“, არამედ მისგან დაახლოებით ათ მეტრში აფეთქდა.