რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ. ამის შესახებ განცხადება გენერალ ლეიტენანტმა, იგორ კირილოვმა გააკეთა. კირილოვი ატომურ ობიექტზე მყოფ რუსულ სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, ატომური სადგურის გაჩერება შესაძლოა, მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოხდეს, რადგან როგორც მოსკოვში ამბობენ, უკრაინელები აგრძელებენ ატომური ობიექტის მისამართით სროლას.

თავის მხრივ, კიევში ამტკიცებენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ატომური სადგურის გარშემო მოვლენების ნებისმიერ სცენარით განვითარებისთვის უნდა იყოს მზად.

ზაპოროჟერს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ვითარება 5 აგვისტოს შემდეგ დაძაბულია. რუსეთი და უკრაინა სადგურის მისამართით სროლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. კიევში მოითხოვენ, რომ სადგურზე საერთაშორისო ექსპერტები დაუშვან, ხოლო რუსმა სამხედროებმა ატომური ობიექტი დატოვონ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო ატომური სააგენტო მზად არის, ზაპოროჟიეს სადგურზე ჩავიდეს. მისიას სააგენტოს დირექტორი უხელმძღვანელებს.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩასვლა ზაპოროჟიეში კიევიდან მათთვის მიუღებელია.