რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში უკრაინის მიერ გაშვებული 54 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსულმა მხარემ ღამის განმავლობაში ხუთი ოლქის თავზე უკრაინის მიერ გაშვებული 54 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ინფორმაციას მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, სამინისტროს მიერ გავრცელებულ მოკლე ანგარიშში აღნიშნულია, რომ კურსკის ოლქის თავზე ღამით 27 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ბრიანსკის ოლქის თავზე – 16, სმოლენსკის ოლქის თავზე – შვიდი, ბელგოროდის ოლქის თავზე – სამი, ხოლო ორლოვის ოლქის თავზე – ერთი.
ამასთან, ტვერის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ რაიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. გუბერნატორის თქმით, იმ ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ხანძარი გაჩნდა, თუმცა დასძინა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მოგვიანებით რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ ქალაქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმას იგერიებენ. ამჟამად ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.