რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 128 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს 128 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს 128 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. როგორც თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, ეს 2025 წლის დასაწყისიდან ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო.

„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 128 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“ ,- აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აქედან 83 კრასნოდარის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 30 – ყირიმის, რვა – აზოვის ზღვის, ხუთი – შავი ზღვის თავზე, ხოლო თითო-თითო – ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში.

კრასნოდარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს ყუბანის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა, დაზიანდა სახლები ტუაფსესა და ტემრიუკის რაიონში, ანაპასთან ახლოს მდებარე სოფელ ჯიგინკაში კი დაინგრა სამეურნეო ნაგებობა.

წინასწარი ინფორმაციით, დაზარალებულები არ არიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2024 წელს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ, 35 რეგიონის თავზე, დაახლოებით 7345 დრონი იყო ჩამოგდებული. თავდაცვის უწყების მონაცემებით, დრონების ყველაზე დიდი რაოდენობა – 1896 ჩამოგდებული იყო ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში – 1,206 დრონი, ხოლო კურსკის ოლქში – 1170 დრონი.