რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 902 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 902 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მოძრავი 180 დრონი ჩამოაგდეს. იერიშის გამო მოსკოვის ოთხი აეროპორტის მუშაობა შეფერხდა. ვნუკოვომ, დომოდედოვომ, ჟუკოვსკიმ და შერემეტიევომ, დროის სხვადასხვა ინტერვალით, თვითმფრინავების მიღება და გაშვება დროებით შეაჩერეს. შერემეტიევოს აეროპორტში აცხადებენ, რომ ფრენების განრიგში ცვლილებებია მოსალოდნელი. შესაძლო შეფერხებების შესახებ მგზავრები გააფრთხილეს დომოდედოვოშიც. აეროპორტის სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ, რათა დაგვიანებული რეისების მიღება და გამგზავრება რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ.
ამასთან, სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის განცხადებით, იერიშის შედეგად ქალაქ ბალაკოვოში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, დაიღუპა ერთი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ბალაკოვოში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სკოლებში სასწავლო პროცესი გაუქმდა, დაიხურა საბავშვო ბაღებიც.
მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შესახებ განაცხადეს როსტოვის ოლქშიც. გუბერნატორ იური სლიუსარის ცნობით, რეგიონში 160-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მისივე განცხადებით, დაშავებულებისა და ადგილზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კალუგის ოლქის გუბერნატორის, ვლადისლავ შაფშას ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რეგიონში 20 უკრაინული დრონი გაანადგურეს.