რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს რუსულ ძალებს შორის მსხვერპლი პირველად აღიარა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს რუსულ ძალებს შორის მსხვერპლი პირველად აღიარა. რუსული მედიის ცნობით, თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ რუს სამხედროებს შორის არიან მოკლულები და დაჭრილები, თუმცა სამინისტროს მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგი რამდენჯერმე მცირეა, ვიდრე განადგურებული ნაციონალისტების რიცხვი“, – აღნიშნავენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინული მხარის მტკიცებით, განადგურებულია რუსეთის არმიის 4 300-მდე სამხედრო.
უკრაინაში მოკლული რუსი სამხედროების ცხედრების გადასვენების თხოვნით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ეპიფანემ მოსკოვის პატრიარქ კირილს წერილობით მიმართა. როგორც ეპიფანე აღნიშნავს, უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება რუსეთის არაპროვოცირებული ფართომასშტაბური აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რის შედეგადაც იტანჯება მილიონობით ადამიანი, იღუპებიან სამხედროები და მშვიდობიანი მცხოვრებლები.
„სამწუხაროდ, თქვენი წინა საჯარო განცხადებებიდან უკვე გასაგებია, რომ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის კეთილგანწყობის შენარჩუნება თქვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ზრუნვა უკრაინელ ხალხზე, რომელთა ნაწილიც ომამდე თქვენ წინამძღვრად მიგიჩნევდათ. თუმცა, მე ჯერ კიდევ მრჩება იმედი, რომ თქვენი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ მაინც, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანი და თქვენი მრევლია, თქვენ იპოვით სულიერ ძალებს, რათა გამოიჩინოთ ჰუმანურობა და ზრუნვა“, – ნათქვამია პატრიარქ ეპიფანეს წერილში.
უკრაინის პატრიარქი აღნიშნავს, რომ საუბარია 3 000-ზე მეტ მოკლულ რუს სამხედროზე, რომელთა ცხედრები უკრაინაშია.