რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სერგეი შოიგუ უწყებაში გამართულ სხდომას თავმჯდომარეობს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სერგეი შოიგუ უწყებაში გამართულ სხდომას თავმჯდომარეობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უწყებაში სხდომას თავმჯდომარეობს. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროში თათბირი 26 მარტს ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა სერგეი შოიგუს საჯარო სივრციდან „გაუჩინარება“. გუშინ კი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შოიგუს საჯარო სივრცეში არგამოჩენის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ამასთან, როგორც ვიდეოკადრებში შოიგუ აღნიშნავს, მისი უწყება შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის წინაშე ყველა სოციალურ ვალდებულებას სრულად ასრულებს. გავრცელებულ ვიდეოში მინისტრი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება გეგმურად ასრულებს სახელმწიფო თავდაცვით შეკვეთებს და სანქციების მიუხედავად, სახელმწიფო კონტრაქტების შესრულების დონე 85 %-ს შეადგენს.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს აუცილებელია ჯარში პერსპექტიული შეიარაღების მიწოდების მოცემული ტემპების შენარჩუნება, მათ შორის, რობოტიზირებული კომპლექსების, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების, ასევე, ბუნებრივია, როგორც ეს ყოველთვის იყო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის“, – ამბობს შოიგუ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.