რუსეთის სპეცსამსახურები ევროპაში აგენტებს „დისკორდის“, „ტელეგრამისა“ და „ვოთსაფის“ მეშვეობით იბირებენ – უკრაინის დაზვერვა
2021 წლის 22 იანვარს, საფრანგეთის ქალაქ რენში გადაღებულ ფოტოზე სმარტფონის ეკრანია გამოსახული, რომელზეც შეტყობინებების გაცვლის აპლიკაციები (WhatsApp, Signal, Telegram, Viber, Discord და Olvid) არის განთავსებული
მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებისა და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერების ფონზე, რუსეთის სპეცსამსახურები ევროკავშირის ქვეყნებში აგენტების გადაბირების ახალ გზებს ეძებენ. ამ მიზნით ისინი „ტელეგრამისა“ და „ვოთსაფის“ მესენჯერებსა და „დისკორდის“ პლატფორმას იყენებენ.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР МО) პრესსამსახური იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, 2026 წლის დასაწყისიდან „დისკორდზე“ გამოქვეყნებულია 20 მილიონზე მეტი განცხადება, რომლებშიც მომხმარებლებს „სწრაფ და მარტივ“ შემოსავალს სთავაზობენ.
„კრემლის მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ბალტიის სახელმწიფოებში, ჯაშუშობისა და დივერსიული საქმიანობისთვის საჭირო ადამიანების გადაბირება. განცხადებების უმეტესობა ერთჯერადი გამოყენებისთვის შექმნილი ანგარიშებიდან გამოქვეყნდა. ეს ანგარიშები ინდოეთის, ირანისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის სატელეფონო ნომრებით იყო რეგისტრირებული“, – იტყობინება ГУР МО.
დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, გადაბირების ძირითადი სამიზნე ჯგუფი ფინანსურად დაუცველი მოსახლეობაა – ადგილობრივი მცხოვრებლები, ლტოლვილები და მიგრანტები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა 18-25 წლის ახალგაზრდებს, ასევე რადიკალური, პოპულისტური, პაციფისტური და ეთნიკური მოძრაობების მხარდამჭერებს.
„დავალებების შესრულებისთვის შეთავაზებული ანაზღაურება დაახლოებით 1 500-3 000 დოლარს შეადგენს. თანხა კრიპტოვალუტით ან შუამავალი საბანკო ანგარიშების მეშვეობით მას შემდეგ ირიცხება, რაც შესრულებული სამუშაოს შედეგები დადასტურდება“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ამ გზით რუსეთის სპეცსამსახურები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აქტიურად აგროვებენ ინფორმაციას ნატოს სამხედრო ტექნიკისა და ბაზების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ფიჭური კავშირგაბმულობის ანძების, თავდაცვის მრეწველობის საწარმოებისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების შესახებ.