რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აფრიკის ქვეყნების სულ მცირე 2 982 მოქალაქე იბრძვის

14:23, 17.08.2026
იმ კენიელი მოქალაქეების ნათესავები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის არმიის მხარეს მოტყუებით ჩააბეს, პროტესტს გამოხატავენ. ისინი 2026 წლის 5 მარტს, ნაირობიში, პარლამენტის შენობასთან გამართულ მშვიდობიან აქციაზე შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ახლობლების სამშობლოში სასწრაფოდ დაბრუნებისკენ მოუწოდებენ / ფოტოს ავტორი: სიმონ მაინა, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP)

იმ კენიელი მოქალაქეების ნათესავები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის არმიის მხარეს მოტყუებით ჩააბეს, პროტესტს გამოხატავენ. ისინი 2026 წლის 5 მარტს, ნაირობიში, პარლამენტის შენობასთან გამართულ მშვიდობიან აქციაზე შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ახლობლების სამშობლოში სასწრაფოდ დაბრუნებისკენ მოუწოდებენ / ფოტოს ავტორი: სიმონ მაინა, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP)

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში აფრიკის 37 ქვეყნის სულ მცირე 2 982 მოქალაქეა გადაბირებული. არსებული მონაცემებით, მათგან დაღუპულია 486.

აღნიშნულ მონაცემებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივი მაუწყებლის („სუსპილნე“) ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ ავრცელებს.

უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ტყვედ აფრიკის 17 სახელმწიფოს 35 მოქალაქე იმყოფება. გადაბირებულთა უმრავლესობა კენიის, ეგვიპტის, კამერუნის, განის, ნიგერიის, უგანდის, ალჟირისა და მალის მოქალაქეა.

„აფრიკელების გადასაბირებლად რუსეთის სპეცსამსახურები იძულებისა და მოტყუების მანიპულაციურ მეთოდებს მიმართავენ. კერძოდ, მათ სამოქალაქო სექტორში დასაქმებას ან განათლების მიღებას სთავაზობენ, ჰპირდებიან მაღალ ანაზღაურებას, რუსეთის მოქალაქეობის მიღების პერსპექტივასა და სხვა მიგრაციულ თუ სოციალურ შეღავათებს. ხშირად უცხოელებს დეპორტაციისა თუ პატიმრობის მუქარით რუსულენოვან სამხედრო კონტრაქტებზე ხელის მოწერას აიძულებენ“

ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში „სუსპილნეს“ განუცხადეს, უკრაინა აფრიკის კონტინენტზე აღნიშნული პროცესის აღკვეთას ცდილობს. კერძოდ, აფრიკის ქვეყნებში მოქმედი უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობები ადგილობრივ ხელისუფლებას რუსეთის მიერ მათი მოქალაქეების გადაბირების ფაქტებზე ინფორმაციას სისტემატურად აწვდიან. გარდა ამისა, უკრაინა აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ყველა იმ სახელმწიფოში ეწევა, სადაც დიპლომატიური მისიები აქვს.

უწყებამ, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბთან თანამშრომლობით, სპეციალური ვებგვერდი აამოქმედა, რომელიც ინგლისურ, ფრანგულ და სუაჰილი ენებზეა ხელმისაწვდომი.

„პლატფორმაზე განთავსებულია გადამოწმებული ინფორმაცია რუსეთის მიერ გამოყენებული გადაბირების მეთოდების შესახებ, მსხვერპლთა ჩვენებები, ანალიტიკური მასალები, პრაქტიკული რჩევები სავარაუდო მსხვერპლებისა თუ მათი ოჯახებისთვის და რეკრუტერების უკანონო საქმიანობის შესახებ შეტყობინების გზები“,

აღნიშნავენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ბოტსვანის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში თავისი მოქალაქეების გადაბირების შემთხვევების მატება დააფიქსირა.

თებერვალში არასამთავრობო ორგანიზაცია Inpact-მა, რომელიც პროექტ All Eyes On Wagner-ს ახორციელებს, გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არმიის რიგებში სულ მცირე 316 აფრიკელი იბრძოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკისა და რეგიონული აფრიკული ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის, ლუბოვ აბრავიტოვას განცხადებით, 2026 წლის მაისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში უკრაინის წინააღმდეგ აფრიკის 36 ქვეყნის სულ მცირე 2 965 მოქალაქე იბრძოდა ან ამ დრომდე იბრძვის.

სტატიის ავტორია მარია პატოკა („სუსპილნე”). თავდაპირველად გამოქვეყნდა: 16 აგვისტო, 2026, 21:16 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი