რუსეთის სასაზღვრო პატრულმა ესტონეთისკენ მიმავალი გემი დააკავა
საილუსტრაციო ფოტო
ესტონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, რუსეთის სასაზღვრო პატრულმა ბალტიის ზღვაში, ფინეთის ყურეში, სატვირთო გემი დააკავა. „ვესტერბოტენი“ კვიპროსის დროშის ქვეშ დაცურავდა; მისი დაკავების მიზეზები ჯერჯერობით არ გახმაურებულა.
„ვესტერბოტენი“ ესტონეთის პორტ სილამიაესკენ (Sillamäe) მიემართებოდა. დაკავებამდე გემმა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გაიარა. რუსეთს, ესტონეთსა და ფინეთს შორის მოქმედებს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამ საზღვაო მარშრუტით გადაადგილება ნებადართულია დიდი გემებისთვის, რომელთათვისაც ესტონეთის მეჩხერ წყლებში ნაოსნობა საკმაოდ დიდი რისკის შემცველია.
ამ დროისთვის, ესტონეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციისთვის გემის დაკავების ოფიციალური მიზეზი არ უცნობებიათ. უწყებამ ინციდენტი დაადასტურა და მას „არასასიამოვნო, თუმცა არცთუ უჩვეულო“ უწოდა.
ერთი წლის წინათ, რუსეთმა დააკავა ნავთობის ტანკერი, რომელიც სწორედ სილამიაეს პორტიდან გამოვიდა. ამ პორტში სულ უფრო ცოტა გემი შედის სწორედ იმის გამო, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გავლის აუცილებლობა თავიდან აირიდოს.
ესტონეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ყველა ქვეყანას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, თავის ტერიტორიულ წყლებში გემები შეამოწმოს, თუმცა ამან მათი უსაფრთხო ნაოსნობის უფლება არ უნდა შეზღუდოს.