რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ხერსონის ოლქში ადგილობრივი მოსახლეობისთვის 1 100-ზე მეტი სახლის ჩამორთმევას გეგმავს
საილუსტრაციო ფოტო
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ხერსონის ოლქში 1 100-ზე მეტი სახლის „მუნიციპალურ“ საკუთრებაში გადაცემას გეგმავს და ცდილობს, ომს გაქცეული ადამიანების საცხოვრებელი ბინები „უპატრონოდ“ გამოაცხადოს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (ГУР) 16 ნოემბერს თავის ფეისბუკ-გვერდზე დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლება ხერსონის ოლქის ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროზე საცხოვრებელი სახლების „ნაციონალიზებისთვის“ ემზადება.
ქონების ჩამორთმევის საფუძველი, შესაძლოა, გახდეს რუსული კანონმდებლობით გაცემული დოკუმენტების არქონა, გადაუხდელი კომუნალური გადასახადები ან ის ფაქტი, რომ სახლში ამჟამად არავინ ცხოვრობს.
სადაზვერვო სამსახურის ცნობით, საკუთარ სახლებსა და ბინებზე საკუთრების უფლების შესანარჩუნებლად, ადგილობრივ მცხოვრებლებს აიძულებენ, საოკუპაციო „ადმინისტრაციას“ მიმართონ და რუსული დოკუმენტები პირადად აიღონ.
ГУР-ის ინფორმაციით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მუდმივად ექმნებათ ელექტროენერგიის, გათბობის, საწვავის, მედიკამენტებისა და საკვების დეფიციტი. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება კალანჩაკის თემში მოსახლეობას გასათბობი პუნქტის (ადგილი, სადაც ადამიანებს სიცივისგან თავის შეფარება და გათბობა შეუძლიათ – რედ.) გახსნას დაჰპირდა, თუმცა იქ შესასვლელად ადგილობრივებს პერსონალური მონაცემების – მათ შორის, საცხოვრებელი ადგილისა და სამსახურის შესახებ ინფორმაციის – წარდგენას სთხოვენ.
მანამდე, მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყებოდა, რომ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთი ადგილობრივ მოსახლეობას სხვა ადამიანებით ანაცვლებს. საოკუპაციო ხელისუფლების მიერ შემოღებული განსახლების პროგრამა „ზემსკის“ ფარგლებში, რუსეთიდან რეგიონში უკვე ჩაიყვანეს ასობით მასწავლებელი და ექიმი. ამავდროულად, დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინელებს გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს უქმნიან: ხშირად, მათ უკანონოდ ართმევენ სახლებსა და სხვა კერძო საკუთრებას.