რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ
რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ.
ქარხანასთან ახლოს მდებარე დასახლებების მცხოვრებლების თქმით, აფეთქების ხმა ოთხჯერ გაისმა.
სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა ნოვოკუიბიშევსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა დაადასტურა.
„წუხელ ღამით მტერმა კვლავ სცადა ჩვენი საწარმოების დაბომბვა. ეს მცდელობა წარუმატებელი იყო. ნოვოკუიბიშევსკში სამი დრონი ჩამოაგდეს. ხანძარი და დაზიანებები არ არის, ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს“, – დაწერა ფედორიშჩევმა სოციალურ ქსელში.
ამავე დროს, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოვოკუიბიშევსკში, მოლოდოგვარდეისკაიას ქუჩაზე 1 500 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა. ამ ქუჩაზე მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთი განყოფილება. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 87 მეხანძრე და 27 ერთეული ტექნიკა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 10 მარტის ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. სამხედრო უწყების ინფორმაციით, სამი დრონი სამარის ოლქში ჩამოაგდეს, ორ-ორი – ვორონეჟისა და ორლოვის ოლქებში და თითო-თითო – ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ განაცხადა, რომ დრონების სამიზნე სწორედ ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. მისი თქმით, ქარხანას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის არმიისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს სამხედრო ოპერაციებისთვის საწვავის სტაბილურ მიწოდებას.