რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი - დონეცკის და ლუგანსკის რაიონებში რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით უკვე 400 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი - დონეცკის და ლუგანსკის რაიონებში რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით უკვე 400 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო

უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რაიონებში რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით უკვე 400 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში გამართულ ფორუმზე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ანდრეი კოზენკომ განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მთელი რიგი გადაწყვეტილებების თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე აღიარებულია დონბასში გაცემული დოკუმენტები. დონეცკის და ლუგანსკის რაიონების მოქალაქეებმა მიიღეს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების უფლება და ამით უკვე 400 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა“, – თქვა კოზენკომ.

2019 წლის 24 აპრილს პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით გამარტივებული წესით. ერთი წლის შემდეგ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოქალაქეებისთვის პასპორტის ასაღებად გათვალისწინებული სახელმწიფო გადასახადი გაუქმდა.