რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი - რუსეთი აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს
რუსეთი აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთი უკვე მუშაობს „არამეგობრული ქვეყნების ნუსხაზე“.
„და ვინ არის ყველაზე არამეგობრული სახელმწიფო? სიის ფორმირება ახლა ხდება. როგორც ჩვენ გვესმის, ეს ისტორია დაიწყო აშშ-ის მხრიდან არამეგობრული ქმედებებით. როგორც თქვენ გესმით და მე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ნუსხაში ფიგურირებს აშშ. დანარჩენ სახელმწიფოებს შეიტყობთ მაშინ, როდესაც მთავრობის განკარგულება გამოქვეყნდება“, – განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებს, რომლებმაც „არამეგობრული ქმედებები ჩაიდინეს რუსეთის წინააღმდეგ“, საელჩოებში რუსეთის მოქალაქეების დაქირავება შეეზღუდებათ.