რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევეს
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევეს

რუსეთმა აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

რუსული მედიის ინფორმაციით, მანამდე, რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბარტ გორმანი დაიბარეს და ამერიკელი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცეს.

„აღნიშნულ პირებს უბრძანეს, 21 მაისს დღის ბოლომდე დატოვონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ეს ღონისძიება წარმოადგენს სარკისებურ პასუხს ამერიკული მხარის მტრულ ქმედებებზე ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს და ნიუ იორკში რუსეთის გენერალური საკონსულოს რიგი თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც პერსონა ნონ გრატად უსაფუძვლოდ გამოაცხადეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია აშშ-ის ანტირუსული სანქციების საპასუხოდ შემდგომ ნაბიჯებს მალე გადადგამს.