რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების უარყოფის შემთხვევაში, კონტრსაფრთხეების შექმნის რეჟიმში გადავლენ
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების უარყოფის შემთხვევაში, კონტრსაფრთხეების შექმნის რეჟიმში გადავლენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების უარყოფის შემთხვევაში, რუსეთი კონტრსაფრთხეების შექმნის რეჟიმში გადავა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, ის რაც მოსკოვმა დასავლეთს შესთავაზა, წარმოადგენს დაპირისპირების სამხედრო სცენარის პოლიტიკურ პროცესში გადაყვანას, რომელიც გააძლიერებს ეუთო-ს, ევროატლანტიკის და ევრაზიის სივრცეში შემავალი ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას. მისი თქმით, თუ ეს არ გამოვა, რუსეთი გადავა კონტრსაფრთხეების შექმნის რეჟიმში და შემდეგ გვიანი იქნება იმის კითხვა, თუ რატომ მიიღო რუსეთმა ესა თუ ის გადაწყვეტილება ან რატომ განათავსა სხვადასხვა სისტემები კონკრეტულ ადგილებში.

გრუშკოს განცხადებით, ევროპელები უნდა დაფიქრდნენ, თუ არ სურთ, რომ საკუთარი კონტინენტი სამხედრო დაპირისპირების ასპარეზად იქცეს. მისი თქმით, რუსეთი თანმიმდევრულად და პრინციპულად ეცდება, განახორციელოს ევროპის უსაფრთხოების შენების ხედვა და ეს მოხდება ზუსტად ისე, როგორც მოსკოვმა ჩამოაყალიბა საკუთარ წინადადებებში. მისივე თქმით, დასავლეთს აქვს ორი გზა – სერიოზულად მოეკიდოს მოსკოვის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ან საქმე ექნებათ სამხედრო-ტექნიკურ ალტერნატივასთან.

ამასთან, გრუშკოს განცხადებით, რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადებები დასავლეთთან დიალოგში შესვლას ისახავს მიზნად, რომლის სათავეში უსაფრთხოების ინტერესები იქნება.

რუსეთმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ხელშეკრულებების პროექტები, რომლებიც მოიცავს დებულებებს ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიებს, კერძოდ, შუალედური და მოკლე რადიუსის რაკეტების მოსაზღვრე რეგიონებში განთავსებისგან და აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმას.