რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები გააგრძელოს, თუმცა უფრო მაღალ დონეზე შეხვედრები ფრთხილად უნდა იყოს მომზადებული
რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები გააგრძელოს, თუმცა უფრო მაღალ დონეზე შეხვედრები ფრთხილად უნდა იყოს მომზადებული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი ვერშინინმა განაცხადა.
„მოლაპარაკებების სამი რაუნდი გავიდა და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ. რაც შეეხება უფრო მაღალ დონეზე შეხვედრებს, ასეთი შეხვედრები სერიოზულად უნდა მომზადდეს. ამის გარეშე ალბათ ნაადრევია მათზე საუბარი“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 23 ივლისს სტამბოლში გაიმართა და დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლას. ასევე იყო წინადადებები 24 ან 48-საათიანი მოკლევადიანი ზავის შესახებ დაჭრილების გასაყვანად და დაღუპული მებრძოლების ცხედრების გასატანად.