რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროპა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების და ზოგადად, რუსეთთან სამხედრო შეტაკების მომზადებისკენ მიმავალ ხაზს ატარებს
ევროპა აშკარად რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების და ზოგადად რუსეთთან სამხედრო შეტაკებისთვის მომზადებისკენ მიმავალ ხაზს ატარებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ევროპის პოლიტიკა კარგად ჩანს სამხედრო საქმიანობის ბუნებით და განხორციელებული სამხედრო დაგეგმვის ბუნებით.
„ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ევროპაში ვითარება ესკალაციის გზით მიდის. ეს აისახება დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ზრდაში, სულ უფრო მეტად შორი მოქმედების და სასიკვდილო იარაღის გაგზავნით. ეს ასევე აისახება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე, სადაც წვრთნების რაოდენობა იზრდება. ამ წვრთნების ბუნება სულ უფრო აგრესიული და შეტევითი ხდება“, – განაცხადა ალექსანდრე გრუშკომ.
რუსი დიპლომატის მტკიცებით, დრონის ინციდენტის შემდეგ რუსეთმა პოლონეთს სამხედრო და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხაზით კონსულტაციები შესთავაზა, თუმცა ვარშავამ ისინი უგულებელყო.