რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვში გერმანიის ელჩს დემარში გამოუცხადა და განმარტება მოითხოვა გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების საუბართან დაკავშირებით
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დემარში გამოუცხადა მოსკოვში გერმანიის ელჩს და მოითხოვა განმარტების გაკეთება გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების საუბართან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალექსანდრე ლამბსდორფის მოეთხოვა ახსნა-განმარტება გერმანელ მაღალჩინოსან ოფიცრებს შორის საუბარში დისკუსიასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩანაწერები აჩვენებს „კოლექტიური დასავლეთის, მათ შორის ბერლინის ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში“.
„გერმანელ დიპლომატს ასევე განემარტა გერმანიის ხელისუფლების მიერ გერმანიაში რუსი ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვის მცდელობის დაუშვებლობის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ასეთი ქმედებები არ დარჩება ჩვენი მკაცრი რეაგირების გარეშე“, – აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მანამდე გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატმა უწყება მისვლიდან ერთი საათის შემდეგ უკომენტაროდ დატოვა.
მედიის ცნობით, მიზეზი რუსულ მედიაში გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება გახდა, რომლებშიც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა „ტაურუსის“ გადაცემაზე საუბრობდნენ, ხოლო ამ რაკეტების პოტენციურ სამიზნედ გერმანელი სამხედროები ყირიმის ხიდს ასახელებენ.
მოგვიანებით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ამასთან, უწყებაში განაცხადეს, რომ ჯერ ვერ იტყვიან, არის თუ არა ჩანაწერი დამონტაჟებული. მომხდარს უკვე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.