რუსეთის საგარეო უწყება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტმა გაგვაკვირვა
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტმა გაგვაკვირვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის საბაჟო შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს.

შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საბაჟო სფეროში რუსულ-აფხაზურ და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტმა გაგვაკვირვა. მესამე სახელმწიფოებთან რუსეთის თანამშრომლობის უსაფუძვლო კრიტიკის ნაცვლად, უმჯობესია, საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის ქართულ-რუსული ორმხირივ შეთანხმების უკეთესად შესწავლა. ქართველი ოფიციალური პირების ბოლო საჯარო კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი პრაქტიკულად არ იცნობენ ამ დოკუმენტის ტექსტს. ამავე დროს, მალე მისი შესრულება მოგვიწვეს შვეიცარიული სადამკვირვებლო კომპანიის კონტროლის ქვეშ, რომელთანაც საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შესაბამის კონტრაქტს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსული მხარე შვეიცარიულ კომპანიასთან დოკუმენტების გასაფორმებლად მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს, რაც საშუალებას მისცემა, დაიწყონ რეგიონული ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და დაგმო ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა და სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნა.

„ეს მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ერთიან საბაჟო სივრცეში ინტეგრირებას და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.