რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს კავშირი არ აქვთ ინტერნეტში საზიანო საქმიანობასთან, რის წარმოჩენასაც ცდილობენ ვაშინგტონში
რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს კავშირი არ აქვთ ინტერნეტში საზიანო საქმიანობასთან, რის წარმოჩენასაც ცდილობენ ვაშინგტონში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საქართველოსა და კიდევ ექვს ქვეყანაში კიბერთავდასხმების გამო რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვსი თანამშრომლისთვის ბრალის წაყენებას „ანტირუსულ გამოხდომად“ აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„კატეგორიულად უარვყოფთ ამგვარ მოსაზრებებს, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს არანაირი კავშირი არ აქვთ ინტერნეტში საზიანო საქმიანობასთან, რის წარმოჩენასაც ცდილობენ ვაშინგტონში. აშკარაა, რომ ამის უკან დგას კონიუნქტურული პოლიტიკური ხასიათის მოსაზრებები, აშშ-ში რუსოფობიური ძალების სწრაფვა, შეუნარჩუნონ აქტუალურობა „რუსეთის საფრთხის“ თემას გაჩაღებული წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიისას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში მწუხარებას გამოთქვამენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ იზიარებენ რუსეთის მიდგომებს, საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში რუსულ-ამერიკული თანამშრომლობის აღდგენასთან დაკავშირებით და მზად არ არიან, თანასწორუფლებიანი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ ამერიკულ მხარეს რუსეთის მოქალაქეებისთვის წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა კიბერთავდასხმებისა და მავნე პროგრამების გავრცელების გამო, რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვს თანამშრომელს ბრალი 19 ოქტომბერს წაუყენა. საუბარია ჰაკერებზე, რომელთა ავტორობითაც შეიქმნა ისეთი გამანადგურებელი პროგრამები, როგორებიც არის „ნოთპეტია“, „ოლიმპიკდისთროიერ მალვეარი“ და „ქილდისკი“. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმის სამიზნეს საქართველოს პარლამენტი, წამყვანი ქართული მედიასაშუალება, ასევე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისა და 2020 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაშლა, ბრიტანეთის თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის ვებგვერდი წარმოადგენდა.