რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ს „ნაციზმზე გამარჯვების ისტორიის გადაწერის მცდელობაში“ ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ს „ნაციზმზე გამარჯვების ისტორიის გადაწერის მცდელობაში“ ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებს „ნაციზმზე გამარჯვების ისტორიის გადაწერის მცდელობაში“ ადანაშაულებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

„უკიდურეს აღშფოთებას იწვევს ნაციზმის დამარცხების შედეგებისა და ჩვენი ქვეყნის გადამწყვეტი წვლილის დამახინჯების მცდელობები, რომლებიც არ წყდება ვაშინგტონში გამარჯვების 75-წლისთავის საყოველთაო აღნიშვნის საზეიმო დღეებშიც კი“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ მოსკოვს აღნიშნულ საკითხზე ამერიკულ მხარესთან სერიოზული მოლაპარაკებების გამართვა სურს.

კერძოდ, განცხადების თანახმად, რუსული მხარის უკმაყოფილება თეთრი სახლის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა კომენტარმა გამოიწვია, სადაც ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის როლზეა საუბარი და არ არის ნახსენები საბჭოთა კავშირის წვლილი და წითელი არმიის დანაკარგი.

რუსეთის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ამგვარი დამოკიდებულება ეწინააღმდეგება 25 აპრილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებას ელბაზე საბჭოთა და ამერიკელი სამხედროების შეხვედრის 75 წლისთავთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ომში უფროსი თაობის წმინდა გმირობის თემა არ უნდა იქცეს კიდევ ერთ პრობლემად რუსეთისა და აშშ-ის ისედაც რთულ ურთიერთობებში.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თეთრმა სახლმა 8 მაისს გამოაქვეყნა ვიდეო და პოსტი, სადაც ნათქვამია: „1945 წლის 8 მაისს, ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა გაიმარჯვეს ნაციზმზე! ამერიკის სულისკვეთება ყოველთვის გაიმარჯვებს“.