რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის ხელისუფლებისგან ითხოვს, არ დაუშვას პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ თვითნებური ქმედებები
რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის ხელისუფლებისგან ითხოვს, არ დაუშვას პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ თვითნებური ქმედებები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ხელისუფლებისგან ითხოვს, არ დაუშვას სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ თვითნებური ქმედებები. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მოვითხოვთ ამერიკის ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან, რომ ჟურნალისტები ხდებოდნენ პოლიციელთა თვითნებური ქმედებების ობიექტები. შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ში მედიის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთი აცხადებს, რომ ვაშინგტონში დემონსტრაციების გაშუქების დროს „სპუტნიკის“ პროდიუსერი ნიკოლ რუსელი სამართალდამცველების მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულ შემთხვევას მოსკოვი ვაშინგტონის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს. რუსული მხარის ცნობით, ჟურნალისტს სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები ესროლეს. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ჟურნალისტს მრავლობითი ტრავმები აქვს მიღებული, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „რამდენად პარადოქსულიც უნდა იყოს, მედიის წარმომადგენლის მიმართ ამ აღმაშფოთებელ და მართლსაწინააღმდეგო სისასტიკეს ადგილი ჰქონდა თეთრი სახლის კედლებთან, რომელიც ამერიკას პოზიციონირებს, როგორც დემოკრატიის ეტალონს“.