რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნატო-მ უარი უნდა თქვას რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნატო-მ უარი უნდა თქვას რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს სამხედრო პოტენციალის ზრდას „სახსრების უაზრო ხარჯვას“ უწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა რუსულ მედიაპორტალ „ერ-ბე-კასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გრუშკოს თქმით, რეალური საფრთხეები არა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, არამედ ევროპიდან სამხრეთით არის.

„ეს აბსოლუტურად უაზრო საქმიანობაა, როდესაც ამ რეგიონში რეალური საფრთხეები არ არის, როდესაც ყველა რისკი სამხრეთის პერიფერიაზეა. იმის ნაცვლად, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა ამ საერთო რისკების წინააღმდეგ ბრძოლაში, გრძელდება ეს მინი ცივი ომი“, – განაცხადა გრუშკომ.

რუსმა დიპლომატმა რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მთავარ პირობად ევროკავშირისა და ნატო-ს პოლიტიკის შეცვლა დაასახელა. მისი განცხადებით, ნატო-მ უარი უნდა თქვას რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე.