რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრა. გამოძიება ალექსეი ნავალნის თავისი ორგანიზაციებისთვის მოქალაქეებისგან შეგროვებული შემოწირულობების დახარჯვას ედავება. საუბარია 356 მილიონ რუბლზე.

საგამოძიებო კომიტეტში ამტკიცებენ, რომ ალექსეი ნავალნიმ თანხის ნაწილი პირადი ქონებისა და საზღვარგარეთ დასვენებისთვის დახარჯა.

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის ევროკავშირმა რუსეთს ოქტომბერში სანქციები დაუწესა.

ალექსეი ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში დაეშვა, საიდანაც ორი დღის შემდეგ, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მოთხოვნით, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი ნერვულ-პარალიტიკური აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. აღნიშნული დასკვნა შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმაც დაადასტურეს.