რუსეთის ქალაქ უფაში, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია, ურალში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

14:17, 25.06.2026

მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ უფაში, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია, ურალში კი, დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევები კრასნოდარის მხარესა და ბაშკირეთში.

„ჩვენი შორი მოქმედების ოპერაციები არის თანმიმდევრული და ზუსტი პასუხი რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და უკრაინის ქალაქებსა და თემებზე განხორციელებულ დარტყმებზე“, – დაწერა ვლადიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

მან დაადასტურა, რომ ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს კრასნოდარის რეგიონში ნავთობბაზას – „პოლტავსკაია“, რომელიც, მისივე თქმით, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს. დილით კი, უკრაინულმა სამხედროებმა დაარტყეს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უფაში – „ბაშნეფტ-უფანეფტეხიმსა“ და „ბაშნეფტ-ნოვოილს“.

ბაშკირეთის ხელმძღვანელმა, რადიკ ხაბიროვმა დილით საწარმოებზე თავდასხმის შესახებ განაცხადა, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ ობიექტებზე. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ტექნოლოგიური პროცესები არ დარღვეულა. საწარმოები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ“, – დაწერა ხაბიროვმა ტელეგრამში.

ამასთან, თავდასხმამდე ურალის რამდენიმე რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო იერიშის საფრთხე გამოცხადდა.

მსგავსი