რუსეთის ქალაქ იჟევსკში საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის ქალაქ იჟევსკში საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ იჟევსკში საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. ინფორმაცია ჟურნალისტებს უდმურტეთის მეთაურმა ალეკსანდრ ბრეჩალოვმა მიაწოდა.

უდმურტეთის ჯანდაცვის მინისტრის წარმომადგენლის მონაცემებით, დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი. მათ შორის ორი მოზარდი, 55 წლის ქალბატონი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც სამაშველო სამუშაოს დროს დაშავდა.
ცხრასართულიანი სახლის ნაწილი 9 ნოემბერს, საღამოს ჩამოიშალა. სრულად განადგურებულია რვა საცხოვრებელი ბინა, რომელშიც 28 ადამიანი ცხოვრობდა. წინასწარი მონაცემებით, ნგრევა გაჟონილი გაზის აფეთქებამ გამოიწვია. კორპუსი ევაკუირებულია.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება და არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გამოძიება დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.