რუსეთის პრემიერ-მინისტრის განკარგულების თანახმად, ქვეყანა წამების პრევენციის შესახებ ევროპულ კონვენციას და ყველა შესაბამის პროტოკოლს დატოვებს
რუსეთი წამების პრევენციის ევროპულ კონვენციას დატოვებს. შესაბამისი წინადადებით რუსეთის ხელისუფლება გამოდის. განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი წამების პრევენციის შესახებ ევროპულ კონვენციას და ყველა შესაბამის პროტოკოლს დატოვებს.
რუსეთის მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს უფლებას, შეაჩეროს საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებსაც რუსეთია მიერთებული. კანონით, დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს შეთანხმებიდან გასვლის მიზანშეწონილობა და ამ ნაბიჯის შედეგების შეფასებაც. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ეს ინფორმაცია არ არის.
წამების პრევენციის შესახებ ევროპული კონვენცია ევროპის საბჭომ 1987 წელს მიიღო. რუსეთმა მისი რატიფიცირება 1996 წელს მოახდინა, როდესაც ამ ორგანიზაციის წევრი გახდა.
2022 წელს რუსეთმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს ტოვებს. ამის შემდეგ მოსკოვმა ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლის პროცესი დაიწყო. მათ შორის, რუსეთმა დატოვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და უარი თქვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, ასევე ეროვნული უმცირესობების დაცვის კონვენციის დენონსაცია მოახდინა.