რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი - რუსეთმა და აშშ-მა რუსეთში იშვიათი წიაღისეულის პროექტებზე მოლაპარაკებები დაიწყეს
რუსეთმა და აშშ-მა რუსეთში იშვიათი წიაღისეულის პროექტებზე მოლაპარაკებები დაიწყეს, – ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
დმიტრევის თქმით, მოსკოვმა და ვაშინგტონმა დაიწყეს მოლაპარაკებები რუსეთში იშვიათი ლითონებისა და სხვა პროექტების ერთობლივი განვითარების შესახებ.
„იშვიათი წიაღისეული თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი სფეროა და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყეთ დისკუსია რუსეთში სხვადასხვა იშვიათი ლითონისა და სხვა პროექტების შესახებ“, – განაცხადა კირილ დმიტრიევმა.
შეგახსენებთ, დმიტრიევი თებერვალში საუდის არაბეთში აშშ-თან გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი იყო.