რუსეთის მიერ წამების პრევენციის შესახებ ევროპული კონვენციიდან გასვლა პირველი ნოემბრიდან ძალაში შევიდა

15:32, 02.11.2026

რუსეთის ფედერაციის მიერ „წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციიდან“ (ECPT) გასვლა 2026 წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შევიდა.

რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს კონვენციიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე 2025 წლის 30 ოქტომბერს აცნობა. ECPT-ს 22-ე მუხლის თანახმად, კონვენციიდან გასვლა ძალაში შედის შეტყობინების წარდგენის თარიღიდან ერთი წლის შემდეგ.

„რუსეთის ფედერაციის გასვლა ქვეყანაში „წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის“ (CPT) მონიტორინგის მანდატის დასრულებას ნიშნავს. ეს ასევე გულისხმობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავისუფლების აღკვეთის ადგილების დამოუკიდებელი მონიტორინგის შეწყვეტას. მიუხედავად ამისა, კონვენციით გათვალისწინებული პრევენციული მიდგომა კვლავ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს: დაკავების ადგილების დამოუკიდებელი მონიტორინგი წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ფუნდამენტური გარანტიაა“, — განაცხადა CPT-ს პრეზიდენტმა, ალან მიტჩელმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ CPT-მ არაერთი ცნობა მიიღო რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების შესახებ. მსგავსი ცნობები ეხებოდა როგორც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ისე თავად რუსეთის ფედერაციას.

თუმცა რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის არარსებობის გამო, კომიტეტმა ქვეყანაში ვიზიტი და ადგილზე არსებული ვითარების შესწავლა ვერ შეძლო.

CPT-ს განცხადებით, რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინის ხელისუფლება კომიტეტს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ნებისმიერ ადგილას, მის მიერ შერჩეულ დროს, ვიზიტის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, უკრაინა გამჭვირვალობას CPT-ს ანგარიშების ავტომატურად გამოქვეყნებითაც უზრუნველყოფს.

მსგავსი