რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბური იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – „როიტერის“ ცნობით, დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე, 14 ადამიანი კიევში დაიღუპა, ექვსი კი დედაქალაქის მიმდებარე რეგიონებში. თავდასხმის შედეგად თითქმის 30 შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
„როიტერი“ წერს, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 23 ბალისტიკური რაკეტიდან ვერცერთის ჩამოგდება ვერ შეძლეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ხელისუფლების თხოვნას ევროპელი მოკავშირეების მხრიდან თავდაცვის სისტემების გადაცემის საჭიროებაზე.
ამავდროულად, უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გასულ ღამეს უკრაინამ რუსეთის 37 რაკეტა და 351 დრონის 90%-ზე მეტი გაანადგურა.
რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური იერიშის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინისთვის „პეტრიოტების“ გადაცემისკენ მოუწოდა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დრონებისა და რაკეტების მოგერიებისას კარგი შედეგები აჩვენეს, თუმცა რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საკმარისი შესაძლებლობები არ ჰქონდათ.
„ვიდრე Patriot-ის რაკეტები ჩვენი მოკავშირეების მარაგშია, რუსეთი მხოლოდ წახალისებულია საცხოვრებელი შენობების განადგურების გასაგრძელებლად. აშშ-ს და ევროპას აქვთ ძალა, შეაჩერონ ეს ტერორი“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.