რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ენერგოდეფიციტი და საწვავის კრიზისი დაატყდა თავს, რის გამოც საწარმოები იძულებით იხურება
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე, რეფატ ჩუბაროვი
ოკუპირებულ ყირიმში, ელექტროენერგიის გათიშვისა და საწვავის დეფიციტის გამო, ბევრმა საწარმომ უკვე შეაჩერა მუშაობა, ხოლო ნახევარკუნძულის ზოგიერთ ნაწილში წყალმომარაგების სექტორში შექმნილმა პრობლემებმა მდგომარეობა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვრამდე მიიყვანა.
ამის შესახებ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ, რეფატ ჩუბაროვმა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყირიმის ოფისთან (Suspilne Crimea) გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.
ჩუბაროვის თქმით, ყველაზე დიდ ზარალს მცირე და საშუალო ბიზნესი განიცდის. კრიზისი განსაკუთრებით მკაფიოდ სოფლის მეურნეობის სეგმენტში იგრძნობა, როლის გამართული ფუნქციონირებაც ელექტროენერგიასა და საწვავზეა დამოკიდებული.
„ბევრ მცირე და საშუალო საწარმოს, რომლებშიც რამდენიმე ადამიანიდან რამდენიმე ათეულამდე პირია დასაქმებული, საქმიანობის შეწყვეტა მოუხდა. ეს უფრო მეტად ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორს, სადაც საწვავის ხარჯები წარმოების დანახარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ელექტროენერგია არ არის, ხოლო საწვავი, მართალია ხელმისაწვდომია, მაგრამ ასტრონომიულ ფასებში იყიდება. სწორედ ამიტომ დაიხურა ეს ბიზნესები“, – აღნიშნა მეჯლისის თავმჯდომარემ.
მან განსაკუთრებული ყურადღება მეცხოველეობის ფერმებში არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილა. ჩუბაროვის თქმით, მრავალი საწარმოო პროცესი, რომელიც მანამდე მექანიზებული იყო, ახლა, ელექტროენერგიის არქონის გამო, ხელით უნდა შესრულდეს.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისინი, ვინც პირუტყვსა და ფრინველს უვლის, რადგან ყოველდღიურად უწევთ იმ საქმეების კეთება, რაც ადრე მექანიზებული იყო. კვება, დასუფთავება – განსაკუთრებით იქ, სადაც ფრინველი ჰყავთ – ეს ყველაფერი ელექტროძრავებით და სხვა საშუალებებით ხდებოდა. აქაც გარკვეული პრობლემებია. გავრცელდა ინფორამცია, რომ ადამიანები, ზარალის შესამცირებლად, ფრინველის დაკვლას აპირებენ, რადგან მათი შენახვა – დიახ, შენახვა და არა მოშენება, – უკვე ზარალის მომტანია“, – განაცხადა მან.
ჩუბაროვმა ასევე გააკეთა კომენტარი საოკუპაციო ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ერთჯერადი კომპენსაცია გაიცემა იმ რაიონების მცხოვრებლებზე, სადაც ელექტროენერგია 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ ყოფილა. მისი თქმით, ნახევარკუნძულის მოსახლეობა ამ დახმარებას, საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის გათვალისწინებით, არასაკმარისად მიიჩნევს.
„დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თუ რაიონი 48 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩება, მოსახლეობას შეუძლია, ადგილობრივ ხელისუფლებას ერთჯერადი დახმარების მიღების თხოვნით მიმართოს, რომლის ოდენობა 15 000 რუბლია (8 700 გრივნა). სადღაც წავიკითხე, რომ ხალხი ამას დიდი აღშფოთებით შეხვდა. ადამიანები ამბობდნენ, რომ ამ ფულით ვერაფერს შეიძენდნენ“, – აღნიშნა მეჯლისის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ვითარება განსაკუთრებით მძიმეა სტეპსა და ჩრდილოეთ ყირიმში, სადაც ხანგრძლივი დროით ელექტროენერგიის გათიშვა უკვე წყალმომარაგებაზეც აისახა.
„ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა სტეპსა და ჩრდილოეთ ყირიმშია. გუშინ მეშვიდე დღე შესრულდა და მერვე დაიწყო, რაც ჯანკოი და ჯანკოის რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხალხი ძალიან შეშფოთებულია, ადამიანები ძალიან დაიღალნენ. უკვე ერთი კვირაა, ისინი შუქის გარეშე არიან. სტეპურ ყირიმში კრიზისი ახლა ყოვლისმომცველია, რადგან წყალიც კი არ არის“, – ამბობს ჩუბაროვი.
მისი განცხადებით, ნახევარკუნძულის მცხოვრებლები შექმნილ ვითარებაზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. მეჯლისის თავმჯდომარის თქმით, ზოგიერთი ყირიმელი ამჟამინდელ სირთულეებს ომს უკავშირებს და დეოკუპაციის იმედი აქვს, ზოგი კი რუსეთისგან ელის დახმარებას.
„ის ადამიანები, ვინც უკრაინის მიერ ნახევარკუნძულის გათავისუფლების იმედს ინარჩუნებენ, ხვდებიან, რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება და სირთულეებთან გასამკლავებლად მზად არიან. მე, უბრალოდ, ვიმეორებ იმას, რასაც გვეუბნებიან ისინი, ვისთანაც ვსაუბრობთ. სხვები იმედოვნებენ, რომ მათ მოსკოვი დაეხმარება. თუმცა, მოსკოვი ვერ დაეხმარება, რადგან ამის გაკეთება რომ შეძლებოდა, აქამდეც გააკეთებდა“, – ხაზგასმით აღნიშნა ჩუბაროვმა.
სტატიის ავტორი: ანა იანკო, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)
ფოტოს ავტორი: უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი – ყირიმი (Suspilne Crimea)
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 14 ივლისი, 2026, 12:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)