რუსეთის მიერ ოდესის ოლქზე დრონებით იერიშმა მდინარე დუნაიზე მდებარე იზმაილის პორტს სერიოზული ზიანი მიაყენა
რუსეთის მიერ ოდესის ოლქზე დრონებით იერიშმა მდინარე დუნაიზე მდებარე იზმაილის პორტს სერიოზული ზიანი მიაყენა

რუსეთის მიერ ოდესის ოლქზე ღამით დრონებით განხორციელებულმა იერიშმა სერიოზული ზიანი მიაყენა მდინარე დუნაიზე მდებარე იზმაილის პორტს, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. არსებული ცნობებით, დანგრეულია საპორტო ინფრასტრუქტურა და მარცვლეულის საცავები.

ამასთან, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აქვეყნებს ფოტოებს, სადაც დარტყმების შედეგები ჩანს. „სამხრეთის“ ოპერატიულმა სარდლობამ კი ვიდეომასალა გაავრცელა.

„იზმაილი არის დუნაის დელტაში მდებარე მთავარი პორტი, საიდანაც უკრაინული მარცვლეულის რუმინეთის შავი ზღვის პორტის კონსტანცაში ტრანსპორტირება ხდებოდა.

მდინარე დუნაიზე მდებარე უკრაინული პორტები მარცვლეულის ექსპორტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან პუნქტებად იქცნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი ივლისში შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა. იზმაილის პორტზე რუსეთმა დრონებით დარტყმა ივლისის ბოლოსაც განახორციელა. გასულ შაბათ-კვირას კი უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, მარცვლეულის შეთანხმების მოქმედების შეჩერების შემდეგ პირველად, იზმაილის პორტში შავი ზღვიდან რამდენიმე უცხოური ხომალდი შევიდა.