რუსეთის მიერ კიევზე ღამით განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კიევზე იერიში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მიიტანეს. შედეგად დაშავდა რვა მოქალაქე. მათ შორის არის სამი წლის ბავშვი, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები მოხვდა. ოთხი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კიევის მერიაში აცხადებენ, რომ რუსეთის იერიშის შედეგად დარნიცკის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ბოლო 12 საათში სამჯერ გამოცხადდა. ბოლოს განგაშის სიგნალი გამთენიისას ჩაირთო. ხელისუფლების ცნობით, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია სარაკეტო თავდასხმა და, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება „კინჟალის“ ტიპის რაკეტები. მათივე ცნობით, რუსეთის სამიზნე, სავარაუდოდ, არის ჩერნიჰივის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის რეგიონები.