რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა

11:54, 19.07.2026

რუსეთის მიერ 19 ივლისის ღამეს კიევზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დარტყმები კიევის ხუთ რაიონზე განხორციელდა. თავდასხმების შედეგად ხანძრები გაჩნდა როგორც საცხოვრებელ, ისე არასაცხოვრებელ შენობებში, ასევე ცეცხლი მოედო ავტომობილებს.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა ღამით უკრაინაზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით კომბინირებული შეტევა განახორციელა, რომლის მთავარი სამიზნეც კიევი იყო. უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 41 რაკეტა და 125 დრონი გაუშვა. დაფიქსირდა 23 რაკეტის და 10 უპილოტო საფრენი აპარატის მოხვედრა 20 სხვადასხვა ლოკაციაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში მიიტანეს. უწყების მტკიცებით, სამიზნეებს წარმოადგენდა კიევსა და კიევის ოლქში მდებარე სამხედრო-სამრეწველო საწარმოები და ლოგისტიკური ცენტრები, ასევე ოდესის ოლქში პორტ „იუჟნის“ ინფრასტრუქტურა.

მსგავსი