კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, საწყობები და ბენზინგასამართი სადგურები. კლიჩკოს განცხადებით, ასევე, დრონი ცხრასართულიან არასაცხოვრებელ შენობას მოხვდა.
ამასთან, დონეცკის ოლქზე იერიშის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. დაზიანდა კიდევ 11 მრავალსართულიანი და 42 კერძო სახლი, საბავშვო ბაღი, მაღაზია, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები.
დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა, რომ ნანგრევებში შესაძლოა, კიდევ რვა ადამიანი იყო მოყოლილი.
დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა რეგიონის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.