რუსეთის მიერ ხარკოვზე იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
„ხოლოდნოგირის რაიონში რაკეტის დარტყმამ ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობის შესასვლელი გაანადგურა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ. მაშველები, პოლიციელები, მედიკოსები, მოხალისეები, კინოლოგები და კომუნალური მომსახურების თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ, შემდგომი დარტყმების საფრთხის მიუხედავად. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგები დაზარალებულებს დახმარებას უწევენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების დროს მაშველი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინული მედია წერს, რომ ხანძრები და ნგრევა ქვეყნის სხვა რაიონებშიც დაფიქსირდა.