რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაესხნენ თავს
რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაესხნენ თავს. როგორც რუსული ტრელგრამარხები იუწყებიან, კრასნოდარის მხარე 7 აგვისტოს კიდევ ერთხელ გახდა უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე. თავდასხმის შედეგად აფიპის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია მოგვიანებით დაადასტურეს კრასნოდარის მხარეში მოქმედ ოპერატიულ შტაბშიც.
„უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ბუნებრივი აირის გადამუშავებისთვის საჭირო ტექნოლოგიურ აღჭურვილობას. ხანძარს სირთულის მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლის კერის ლოკალიზება შეძლეს“, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
ცნობისთვის, აფიპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2025 წლის თებერვალში და 2024 წლის ივნისშიც გახდა დრონების იერიშის სამიზნე.
თავის მხრივ, კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა გაავრცელა ცნობა, რომ უპილოტოების თავდასხმა განხორციელდა აფიპის დასახლებიდან 100 კილომეტრში მდებარე ქალაქ სლავიანსკი-ყუბანზეც. შედეგად დაშავდა მამაკაცი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.
ამასთან, კრასნოდარის მხარის გუბერნატორი იუწყება, რომ უპილოტოების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი იყო კრასნოარმეისკის რაიონში, ხოლო ნოვოროსიისკის აკვატორიაში მოიგერიეს წყლის უეკიპაჟო დრონების თავდასხმა.
უკრაინული ტელეგრამარხების ინფორმაციით, ქალაქ სლავიანსკი-ყუბანზე მიტანილი იერიშის სამიზნე იყო იქ მდებარე სამხედრო ნაწილი. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც სამხედრო ობიექტზე გაჩენილი ხანძარი ჩანს.
პარალელურად, დრონების თავდასხმა კიდევ ერთხელ მოხდა ვოლგოგრადში მდებარე რკინიგზის სადგურზე, შედეგად სადგურ სუროვკინოს ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა ხანძარი. ანალოგიური იერიშები რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთში, უკვე მესამე დღეა, ფიქსირდება.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, 7 აგვისტოს ღამით მათ ჩამოაგდეს 82 დრონი. მათგან 31 – აზოვის ზღვარი აკვატორიის საჰაერო სივრცეში, 11 – ანექსირებულ ყირიმში, რვა – შავი ზღვის თავზე.