რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო
რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო

რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს საერთაშორისო შეთანხმებების დენონსაციის პროცედურა დაიწყო. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, 30 დეკემბერს გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომელიც ვლადიმირ პუტინს შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლის მოთხოვნით მიმართავს.

რუსეთის კანონმდებლობით, ვლადიმირ პუტინმა შესაბამისი ინიციატივა სახელმწიფო დუმას უნდა წარუდგინოს. წარდგენას თან უნდა ახლდეს თითოეული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების დასაბუთება, ასევე ამგვარი დენონსაციის შესაძლო ფინანსური და ეკონომიკური შედეგების შეფასება.

უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ ევროპის საბჭომ რუსეთს წევრობა შეუჩერა, რის შემდეგაც მარტში რუსეთმა ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადა. წევრობის შეწყვეტასთან ერთად დასრულდა რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. თუმცა, ფორმალურად, რუსეთი ევროპის საბჭოს კიდევ 41 საერთაშორისო შეთანხმების მონაწილეა, მათ შორის კორუფციისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ შეთანხმების.

ამგვარად, რუსეთი ამჟამად აპირებს, გავიდეს კონვენციებიდან, რომლებიც ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვას, ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებას, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების, არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის, კორუფციისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ შეთანხმებებიდან.