რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების 60 დღით გახანგრძლივებაზეა თანახმა, კიევში მოსკოვის პოზიციას შეთანხმების პირობების დარღვევად აფასებენ
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თანახმაა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე, თუმცა მხოლოდ 60 დღის ვადით, – ამის შესახებ რუსეთის დელეგაციამ ჟენევაში გაერო-ს წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი ვერშინინის განცხადებაშია აღნიშნული, ამ საკითხზე რუსეთის შემდგომი პოზიცია განსაზღვრული იქნება რეალური პროგრესის მიხედვით ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის საბანკო გადახდები, სატრანსპორტო ლოჯისტიკა, დაზღვევა, ფინანსური საქმიანობის განბლოკვა და „ტოლიატი-ოდესის“ მილსადენით ამიაკის მიწოდება.
რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის თქმით, გაერო-ს წარმომადგენლებთან საუბარმა დაადასტურა, რომ „თუკი უკრაინული პროდუქციის კომერციული ექსპორტი ხორციელდება მდგრადი ტემპებით, რასაც დიდი მოგება მოაქვს კიევისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსი ექსპორტიორების გზაზე კვლავ არის ბარიერები“.
აღნიშნული შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. ნოემბერში შეთანხმების ვადა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 18 მარტს იწურება.
უკრიანის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პოზიცია, რომლის თანახმადაც, მარცვლეულის შეთანხმება მხოლოდ 60 დღით უნდა გახანგრძლივდეს, შეთანხმების პირობების დარღვევას წარმოადგენს. უკრაინელი მინისტრის ცნობით, შეთანხმება მის გახანგრძლივებას, სულ მცირე, 120 დღით ითვალისწინებს.