რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთს საერთაშორისო დავების თვალსაზრისით დაძაბული წელი ელოდება, მათ შორის 2008 წლის ომის საქმის გამო
რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთს საერთაშორისო დავების თვალსაზრისით დაძაბული წელი ელოდება, მათ შორის 2008 წლის ომის საქმის გამო

რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რუსეთის რწმუნებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიხაილ გალპერინი აცხადებს, რომ რუსეთს საერთაშორისო სასამართლო დავების თვალსაზრისით დაძაბული წელი ელოდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი, რუსი პოლიტიკოსი 2008 წლის ომზე საქართველოსთან სასამართლო დავას ასახელებს.

ამის შესახებ გალპერინმა რუსულ სააგენტო „ინტერფაქსთან” ინტერვიუში განაცხადა.

„უკვე აშკარაა, რომ ჩვენ დაძაბული წელი გველოდება. ბევრი პროცესუალური მოვლენა გადაიდო მიმდინარე წლიდან, რომელმაც საკარანტინო შეზღუდვებით ჩაიარა. ახლა უცხოური და საერთაშორისო სასამართლოები კვლავ აქტიურდებიან. უკვე 14 იანვარს დანიშნულია რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის მიერთებასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფოთაშორისი სარჩელის დასაშვებობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება. 20 იანვარს მე გამოვდივარ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის სხდომაზე რუსეთიდან ყირგიზეთში გადაცემული გარკვეული კატეგორიის პირთა უფლებების დაცვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით. 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს დადგენილებას სხვა სახელმწიფოთაშორის საქმეზე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.  2021 წლის სექტემბერში უკვე დაგეგმილია საჯარო სხდომა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინისა და ნიდერლანდების სარჩელებთან დაკავშირებით, რომლებიც 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ მოვლენებს ეხება”, – განაცხადა მიხაილ გალპერინმა.