რუსეთის იერიშების შედეგად კიევში მდებარე ლიეტუვის საელჩოს დაზიანების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარეს
რუსეთის მიერ კიევზე ღამით მიტანილი იერიშის შედეგად ლიეტუვის საელჩო დაზიანდა, რის გამოც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარეს.
საელჩოს შენობის დაზიანებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი გამოეხმაურა. მისი თქმით, კრემლის მიზანი განადგურება, სიკვდილი და დაშინებაა.
„კიევზე გუშინ ღამით რუსული თავდასხმების დროს ლიეტუვის საელჩოც დაზიანდა. რაკეტები საელჩოდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ჩვენი თანამშრომლები არ დაშავებულან. დღეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვილნიუსში რუსეთის წარმომადგენელს დაიბარებს“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის განცხადებაში.
ცნობისთვის, 31 ივლისის ღამით რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 23 დაშავდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იერიშების სამიზნე კიევის ხუთი რეგიონი იყო.